2025 წლის 8 აპრილს საქართველოს ეწვია დუბაის პალატების დელეგაცია ვიცე პრეზიდენტის, ჰასან ალ ჰაშემის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისა და ორმხრივი ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით.
ქართველ ოფიციალურ პირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრების ფარგლებში დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, დუბაის პალატებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ საქართველოს ბიზნეს საბჭოს შორის. მხარეები შეთანხმდნენ 2025 წლის შემოდგომაზე თბილისში საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმის გამართვაზე, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება კომერციული დიალოგის, ინვესტიციებისა და ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტების ხელშეწყობისთვის.